თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, 2024–2025 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას საკრებულოს წევრის როგორც მანდატით, ასევე განათლებისა და კულტურის, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიებში და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პრეზენტაციაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ოფიციალურ და სამუშაო შეხვედრებში საკუთარ ჩართულობაზე და  მისი ინიციატივით განხორციელებულ პროექტებსა და შედეგებზე  ისაუბრა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, თქმით, იგი განსაკუთრებულ  ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდებთან თანამშრომლობას. მისი ინიციატივით თბილისის საკრებულოში არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებზეც  დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის თემები იყო განხილული.

თინათინ  ნიბლოშვილის ინფორმაციით, მის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პროფესიული განათლების ხელშეწყობას.  მიმდინარე წელსაც  აქტიურად იყო ჩართული თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ მხარდაჭერასა და პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობაში, რომლის ფარგლებში  არაერთი პროექტი განხორციელდა,  მათ შორის თბილისის საკრებულოში კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.  

ანგარიშის წარდგენისას თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლებიც წარმოაჩენს დედაქალაქის  მრავალფეროვანი ეთნოსს  და  სხვადასხვა ტრადიციისა და კულტურის შენარჩუნება-პოპულარიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ჩატარდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი და სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიცირების ცერემონია.

თინათინ ნიბლოშვილმა პრეზენტაციისას სხვადასხვა კამპანიაში, ფორუმსა და ინიციატივაში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.   მათ შორისაა ცნობიერების ამაღლების კამპანიაში „ვარდისფერი ოქტომბერი“, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი, ასევე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერი კამპანიები.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით,   როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის  და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი, ის აქტიურად მონაწილეობდა დედაქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში,  ასევე მემორიალური დაფების განთავსების, დედაქალაქის გეოგრაფიული ობიექტების, სკოლებისთვის სახელწოდებების მინიჭებისა  და კულტურული პროგრამების დაფინანსების საკითხებში.

მისი თქმით,  დედაქალაქის განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობა  მათი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

წლიური ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.