საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმით - „თენგიზ აბულაძე - ნატვრის ხე” გაიხსნა.

ღონისძიებაზე სტუმრებს წარუდგინეს ქართული კინოს გამორჩეული რეჟისორის ფილმების აფიშების კოლექცია, ასევე, კინოკლასიკოსის შესახებ ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი – „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო პარტნიორები - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული არქივი.

ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი 28-დან 31 იანვრის ჩათვლით იხილავს თენგიზ აბულაძის 6 ფილმს, რომელიც ციფრულად არის რესტავრირებული.

 რეტროსპექტივის პროგრამა:

28 იანვარი - 17:00 - ვედრება; 18:30 - „სამკაული ჩემი სერმინაზისათვის“;

29 იანვარი - 18:00 - „ნატვრის ხე“;

30 იანვარი - 18:00 - „მონანიება“;

 31 იანვარი - 18:00 – „მაგდანას ლურჯა“; 19:30 - „სხვისი შვილები“.