საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა პირველად მასპინძლობს მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის პერსონალურ გამოფენას - „და მერე მან თქვა, ალბათ“ და ცნობილი მხატვრის, თემო მაჭავარიანის მასშტაბურ გამოფენას.
სოფიო ჩერქეზიშვილის ნამუშევრების გამოფენა 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 28 ნამუშევრის გარდა, ექსპოზიციის შემადგენელი ნაწილია ინსტალაცია - „ხეებმა იციან მხარში დგომა“. მხატვარი ასე განმარტავს გამოფენის ჩანაფიქრსა და პრინციპებს: „ამ ისტორიას ვუძღვნი ხეებს, რომლებიც, ვიცი, რომ დაფრინავენ; ხიდებსა და ლაბირინთებს, რომლებსაც, ვიცი, რომ ავაშენებ; ზღაპრებს, რომლებსაც, ვიცი, რომ დავიჯერებ და ზარებს, რომლებსაც, ალბათ, გავიგონებ…“
სოფიო ჩერქეზიშვილმა დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1994 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იგი პირველია იმ ხელოვანთაგან, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრნენ. ოთხი წელი (1994-1998) სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიაში (ამსტერდამი, ჰოლანდია). შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიური შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო. ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (1999-2006), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (2010-2018) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 2006 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების პროფესორი. იგი 2000 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენასა და პროექტში. სოფიო ჩერქეზიშვილმა გაიაზრა მხატვრის თავისუფალი ნება, როგორც მეტაფიზიკური, სულიერი ფენომენი. ის ყოველთვის უბრუნდება უკვე აღქმულსა თუ განცდილს, რათა აქციოს ის ხელახალი განცდის ობიექტად. მისი ყველაზე ცნობილი პროექტებია: „რატომ ამოდის ჩემს თავზე ბალახი“, „ერთი წუთი საკმარისია, რომ დაინახო მთელი ცხოვრება“, „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“, „თუ დაგჭირდება, გემებიც ჩერდებიან“. ამ სერიებში მხატვარი შეისწავლის თავის გამოგონილ, სხვა მეს. გვთავაზობს მისეულ ესთეტიკურ ფორმებს, გზავნილებს; მისი სურათ-ხატებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა.
თემო მაჭავარიანის რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 60-ამდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.
თემო მაჭავარიანის შემოქმედებითი გზა 70-იანი წლებიდან იწყება. მასზე ამბობდნენ, ფიზიოლოგიურად, ბიოლოგიურად მხატვარიაო. უაღრესად თავმდაბალი ხელოვანი თავისუფალ შემოქმედად ჩამოყალიბდა. ფერწერისა თუ გრაფიკის ენის ღრმად გამზიარებელი კომპრომისს ყოველთვის გამორიცხავდა.
თემო მაჭავარიანის გრაფიკული თუ ფერწერული მემკვიდრეობა მხატვრის მშობლიური ქალაქის პეიზაჟები და ახლობლების პორტრეტებია. მან, როგორც მხატვარმა და პედაგოგმა, ქართულ მხატვრობასა და საზოგადოებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და ღრმა კვალი დატოვა. ეროვნულ გალერეაში თემო მაჭავარიანის გამოფენა პირველ სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თემო მაჭავარიანის შემოქმედების შესახებ გამოიცემა წიგნ-ალბომიც.
როგორც ცნობილია, 2021 წელს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, მხატვრების მრავალწლიანი თხოვნის შემდეგ ეროვნულ გალერეას კვლავ დაუბრუნდა საგამოფენო ფუნქცია და საგამოფენო დარბაზები ისევ ეთმობა როგორც ცნობილ შემოქმედთა, ასევე, ახალგაზრდა ნიჭიერ ხელოვანთა გამოფენებს. ეროვნულმა გალერეამ უკვე 90-ზე მეტი მხატვრის გამოფენას უმასპინძლა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ეროვნულ გალერეაში 2025-2026 წლების საგამოფენო პროექტების განსახორციელებლად.