მიხეილ ჩოხელს შეუძლია დასახელებული 2 904 900 აშშ დოლარის ლეგალური წარმომავლობის დადასტურება და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ, - ამის შესახებ ჩოხელის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
„2025 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურის მიერ, გავრცელებულ იქნა ინფორმაცია, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, 2 904 900 აშშ დოლარის ამოღების თაობაზე.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ შემდეგს: მიხეილ ჩოხელი წლებია დასაქმებულია კერძო სექტორში და ეწევა ლეგალურ ბიზნესს საქმიანობას, საიდანაც ოფიციალურად დადეკლარირებული აქვს სოლიდური შემოსავლები, როგორც ბიზნესს საქმიანობიდან, ასევე პირადი ქონების გასხვისების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018-2025 წლებში, მას ჯამში მიღებული აქვს დაახლოებით 15 000 000 მილიონი ლარი.
დასახელებულ ინფორმაციასთან შეუზღუდავი წვდომა აქვს საქართველოს პროკურატურასა და სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ საგამოძიებო დანაყოფებს, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასახულია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ მონაცემთა ბაზებში, რასაც ჩვენის მხრიდანაც წარვუდგენთ გამოძიებას.
მიუხედავად ამისა, საქმის მაღალი ინტერესის მოტივით, საქართველოს პროკურატურა, რომელსაც ევალება სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის - ახდენს მიხეილ ჩოხელის იდენტიფიცირებას ფულად თანხებთან მიმართებაში და სოციუმის არასწორ, ცალმხრივ ინფორმირებას იმგვარად, რომ თითქოსდა მიხეილ ჩოხელის საბანკო სეიფებში ნანახია უკანონო ფულადი თანხები.
დასახელებული 2 904 900 აშშ დოლარის ლეგალური წარმომავლობის დადასტურება, მიხეილ ჩოხელს შეუძლია და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას უახლოეს პერიოდში.
იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პროკურატურა, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით აწარმოებს საქმეზე ობიექტურ გამოძიებას, რაც დაადასტურებს მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობას“, - აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლების ჩხრეკასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა.
პროკურატურის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის - კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან - ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.