თბილისის მუნიციპალური ინსპექცია და აღსრულების ეროვნული ბიურო მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი ლაშა მოძღვრიშვილი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.


შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების საკითხები (უკანონო
მშენებლობების შეჩერება, დემონტაჟი, ფინანსური სანქციები და ყადაღა).


მხარეები შეთანხმდნენ, სახელმწიფო და კერძო მიწებზე უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად და პრევენციისთვის, უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელებაზე.
„თბილისის ურბანულად სწორი განვითარებისთვის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კანონიერი ინტერესების დასაცავად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება  უკანონო მშენებლობების აღკვეთას. ამ მიმართულებით თბილისის
მუნიციპალური ინსპექცია ქმედით ღონისძიებებს ატარებს.


დღეს, შეხვედრა გვქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალ ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ აღსრულების ბიუროსა და აღსრულების პოლიციის ჩართულობით, ინტენსიურად დაიგეგმება
ერთობლივი ღონისძიებები. ასევე, შევთანხმდით ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა უკანონო მშენებლობის შეჩერება, ფინანსური სანქცია და დემონტაჟი, აღსრულების ეფექტურ მექანიზმებზე“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.