ბოლნისის რაიონში, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.
„საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება.
შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით.
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.