სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი უწყებების პირველმა პირებმა.

შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ისაუბრა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ კონტრტერორისტულ ვითარებაზე და ამ მიმართულებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით  საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევასა და წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

 გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს კონტრტერორისტული შესაძლებლობების თაობაზე ასახულ პოზიტიურ შეფასებებს და აღნიშნა „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში („გლობალური ტერორიზმის ინდექსი“), რომელშიც ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას საქართველო, ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს.

 კომისიის სხდომაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყანაში არსებულ კონტრტერორისტულ გარემოსა და სამსახურის მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი კონტრტერორისტული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას.

 უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.