სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსი ბატიაშვილმა გახსნა. მან 2024 წელს ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ალექსი ბატიაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შორის წარმატებული თანამშროლობისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის მნიშვნელობას ქბრბ საფრთხეების შემცირებისა და ქვეყნის შესაძლებლობის გაძლიერების მიმართულებით. ამასთანავე, მან ისაუბრა რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით. მისი თქმით აღნიშნული ფორმატები საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევებზე რეაგირების ეფექტური მიდგომების გაცნობის უნიკალური საშუალებაა.
ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თეა გიორგაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა.
ღონისძიება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების ინიციატივის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უწყების 60-მდე წარმომადგენელმა. საბჭოს მომდევნო სხდომა 2025 წელს გაიმართება.