სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ
"საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება "ფეიკ ნიუსები", თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი კი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი.
პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას.
მოვუწოდებთ პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. " - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.