14-23 ივნისს შანხაიში 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (SIFF) იმართება. ეს არის აზიაში უმნიშვნელოვანესი კინომოვლენა, რომლის ფარგლებში 16-18 ივნისს კინობაზრობა ჩატარდა. ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პირველად წარდგა საქართველოს სტენდით, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ ფილმებს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას.

კინოფესტივალის მიმდინარეობისას საქართველოს სტენდს ეწვია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე. საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრისას, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, ელჩმა აღნიშნა შანხაის კინობაზრობისა და, საზოგადოდ, სწრაფად მზარდი ჩინური ბაზრის მნიშვნელობა ქართული პროდუქციისათვის.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საქართველოს დელეგაციის წევრი რეჟისორები და პროდიუსერები მონაწილეობენ არაერთ შეხვედრაში, ეცნობიან სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს და მართავენ მოლაპარაკებებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქართული კინოწარმოების განვითარების მიზნით.


ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა Beijing Goobird Technology-ს დამაარსებელსა და გენერალურ დირექტორ სან ბინგთან სტრიმინგპლატფორმა Hi-Video-ზე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების განთავსებისა და სრულმეტრაჟიანი ფილმების შესყიდვის საკითხი განიხილეს. საუბარი, აგრეთვე, შეეხო კომპანიის კინოფესტივალზე ქართული ფილმების წარდგენასაც.
ქართველ რეჟისორებსა და კინოცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა Lianray pictures-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი რენ ტიან იუ, რომელმაც ქართული ფილმების ჩინეთში დისტრიბუციისა და სრულმეტრაჟიანი ფილმების შესყიდვის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრა გაიმართა სამხრეთკორეული კონტენტ- და კრეატივკომპანია Moo am-ის ასისტენტ-პროდიუსერ ნა ბეიონგჯუნთან, რომელმაც გამოთქვა კოპროდუქციისა და კორეული სცენარების ქართული ადაპტაციების შექმნის, ასევე - კორეული „რეალითი შოუების“ საქართველოში დანერგვის სურვილი.


საქართველოს სტენდთან გაიმართა საინტერესო შეხვედრა ჰაილენდის იურიდიული ფირმის პარტნიორებთან - მიშელ ლიუსა და ვეი ჰისთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ფილმების გადაღებით, ერთობლივი პროდუქციის შექმნით და თანამედროვე ქართული ფილმების შესყიდვით.
სიამენის კინოფესტივალის პროგრამერმა ბრაის ჩენმა სამუშაო შეხვედრისას საქართველოს კინოცენტრს ფესტივალში მონაწილეობა და თანამშრომლობა შესთავაზა.


ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ყირგიზეთის სახელმწიფო კინოცენტრის, „ყირგიზტასმასის”, დირექტორ ტალანტბეკ ტოლობეკოვთან შეხვედრისას ყირგიზეთში თანამედროვე ქართული ფილმების წარდგენის საკითხი განიხილეს. ამასთანავე, ყირგიზეთის კინოცენტრის დირექტორმა გამოხატა ერთობლივი პროდუქციის შექმნის სურვილი.


ინდური კომპანია Mountain river Films-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჩანდრა ჯამ ქართველ კოლეგებთან ინდოეთში ქართული ფილმების იმპორტზე, ინდოეთის კინოფონდიდან ქართული პროექტების დაფინანსებასა და ინდურ ფესტივალებზე ქართული ფილმების წარდგენაზე ისაუბრა.
შეხვედრა გაიმართა იაპონელ პროდიუსერ კიოკო დანთან, რომელთან საუბარი შეეხო კინოინდუსტრიაში ქართულ-იაპონურ ურთიერთობებს, ქართული ფილმების დისტრიბუციასა და იაპონიაში ქართული ფილმების ფესტივალის ჩატარებას.
ინდონეზიის სახლმწიფო კინოცენტრი მათ ქვეყანაში ქართული ფილმების საფესტივალო და კომერციული ჩვენებით დაინტერესდა და მათ წარმომადგენელთან, ჭანგ ჭენ ლინგთან, გაიმართა საუბარი ერთობლივი პროდუქციის შექმნის შესაძლებლობების შესახებ.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა Shangha Film Group-ის წარმომადგენელ ანიუ ვანგთან, რომელთან საუბარი შეეხო ქართულ-ჩინური ანიმაციების შექმნას.
უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებისა და მათი მიმდინარე თუ მომავალი პროექტების წარმატებისათვის. ეს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შემოქმედებითა თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს აზიური ბაზარი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს და ამგვარად ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი (SIFF) არის უდიდესი კინოფესტივალი აზიაში. იგი დაარსდა 1993 წლის ოქტომბერში და არის ერთადერთი ჩინური ფესტივალი, რომელიც აკრედიტებულია კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ. FIAPF-ი პასუხისმგებელია საერთაშორისო კინოფესტივალების, მათ შორის - მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალების წარმართვაზე.


ინფორმაციისთვის: შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე წელს წარმოდგენილი იყო 64 ქვეყნის კინოასოციაციები და კომპანიები. 2023 წლისგან განსხვავებით, გაიზარდა დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის - სამხრეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლობა.