კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას ქართული დელეგაციის წევრებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, ხელმძღვანელობით კინოს სფეროს არაერთ წარმომადგენელთან წარმატებული შეხვედრა გამართეს.

შედგა შეხვედრა საერთაშორისო მედიაკონსულტანტ კარლოს ჰერტელთან საქართველოში განათლების პროგრამების შესაძლო დანერგვასთან, უცხოურ მედიაში ქართული კინოს ხილვადობის გაზრდასთან და დისტრიბუციის სტრატეგიებთან დაკავშირებით.

კანის კინოფესტივალის სელექტორთან, ჟოელ შოპრონთან განხილული იქნა შემდეგი წლისთვის ფესტივალზე მეტი ქართული პროექტის წარდგენის შესაძლებლობები.
ინგლისელ პროდიუსერ დევიდ გრუმისთან განიხილეს საქართველოში უცხოური პროექტების გადაღებების შესაძლებლობები.

თესალონიკის კინოფესტივალის წარმომადგენელ დიმიტრი კერკინოსთან შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე, ფესტივალზე უახლესი ქართული ფილმების წარდგენაზე, იმსჯელეს საბერძნეთის სინემატეკასთან კლასიკური და თანამედროვე ქართული ფილმების რეტროსპექტივის დაგეგმვის თაობაზე.
საქართველოში მხატვრული ფილმის შესაძლო გადაღებების შესახებ იმსჯელეს თურქეთში საფრანგეთის საელჩოს რეგიონულ ატაშესთან (აუდიოვიზუალური მიმართულებით) - ფლორენს სინიფრედისთან.
სტუდია ZARASTARS-ის კომერციულ დირექტორ აშვანი კუმართან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მხატვრული ფილმების გადაღების უპრატესობებზე.

ფესტივალ „კოტბუსიის“ წარმომადგენელთან, პროგრამის დირექტორ ბერნდ ბუდერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ ფესტივალზე ქართული ფილმების წარდგენას.

Custom productions-ის წარმომადგენელთან, პროდიუსერ გურამ გაბუნიასთან მხარეებმა ქართული ფილმების განვითარებისა და საქართველოში კომპანიის ფილიალის გახსნის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში პროდიუსერებისათვის ვორქშოპების ჩატარებისათვის მზადყოფნაც გამოხატეს.
კინოფესტივალის მიმდინარეობისას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კინოსფეროს კიდევ არაერთ წარმომადგენელს შეხვდება.
როგორც ცნობილია, 14-25 მაისს ქ. კანი მასპინძლობს 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით მონაწილეობს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით კინოცენტრის დელეგაციაში არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.

კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამ მიზნით საქართველოს პავილიონში ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, ,,მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება გაიმართება. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინოკომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს.