ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებასთან თანამშრომლობით გაიმართა ცნობილი ირანელი პოეტის, შაჰრიარის ხსოვნის დღე და თსუ პროფესორის, ირანისტიკის კათედრის ყოფილი ხელმძღვანელის, მწერლის, მთარგმნელის, მეცნიერის ნომადი ბართაიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის თქმით, თსუ ირანისტიკის კათედრის ინიციატივით, გადაწყდა ამ ორი თარიღის - შაჰრიარის ხსოვნის დღისა და ნომადი ბართაიას 80 წლის იუბილეს ერთად აღნიშვნა, რაც ლოგიკურია. ბატონი ნომადი ბართაია ზოგადად სპარსულ პოეზიასაც ემსახურა და კონკრეტულად შაჰრიარის პოეზიაც თარგმნა. „მისი ყველა სამეცნიერო თუ პოპულარული ხასიათის ნაშრომის დასახელება, რომელთა რიცხვი ასს აჭარბებს, ძნელია; საკმაოდ ვრცელია მისი ჯილდოებისა და პრემიების ჩამონათვალიც. დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ არაერთი აღიარება ელის. პროფესორ ნომადი ბართაიას მხოლოდ ერთ გამორჩეულ ჯილდოს - ცნობილი ირანელი პოეტის, შაჰრიარის, სახელობის კულტურის მედალს - გავიხსენებ, რომელიც 2016 წელს მას თავრიზის უნივერსიტეტმა მიანიჭა. ნომადი ბართაია პირველი ქართველი ირანისტი გახლდათ, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ მანვე ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა ამ ორენოვანი (სპარსული, აზერბაიჯანული) ირანელი პოეტის თხზულება „სალამი, ჰეიდარბაბა!“- განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბატონმა მეჰდი საადათნეჟადმა ისაუბრა სპარსული მწერლობისა და ორენოვანი ირანელი პოეტის, შაჰრიარის, შემოქმედებაზე. ასევე, ნომად ბართაიას, როგორც შაჰრიარის პოეზიის მთარგმნელზე, მეცნიერსა და პოეტზე.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნომადი ბართაიას გადასცა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია და ოქროს მედალი.
ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, მათემატიკისა და ეკონომიკის დოქტორმა, ევროპის მათემატიკური ლინგვისტიკის საზოგადოების წევრმა, პროფესორმა გია კვაშილავამ ქართულ-ირანული ენობრივი, ლიტერატურული და კულტურული კვლევების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, პროფესორი ნომადი ბართაია დააჯილდოვა საქართველოს ფაზისის აკადემიის საპატიო სიგელითა და ფაზისის აკადემიის წევრად არჩევის დამადასტურებელი დიპლომით.
ღონისძიებაზე იუბილარის შემოქმედების ლიტერატურათმცოდნეობით-ლინგვისტური ანალიზი წარმოადგინა ახალგაზრდა ირანისტმა, პოეტმა და მთარგმნელმა, გიორგი ხულორდავამ; ნომადი ბართაიას სპარსულ-ქართული ენობრივი კონტაქტების თაობაზე შექმნილ ნაშრომებზე ისაუბრა ასოცირებულმა პროფესორმა ფატმან ანთაძე-მალაშხიამ; პროფესორმა მარიკა ჯიქიამ ყურადღება გაამახვილა შაჰრიარის აზერბაიჯანული პოემის "სალამი, ჰეიდარბაბას" ბართაიასეული თარგმანის ლექსმცოდნეობით მხარეზე. ნომადი ბართაიას შემოქმედებაზე ისაუბრეს საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა, გვანჯი მანიამ, ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და სხვ.
შაჰრიარის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე თსუ-ში რამდენჯერმე ჩატარდა. შარშან ეს თარიღი ირანისტიკის მიმართულების სტუდენტებმა სპარსულ ენაზე მომზადებული პროგრამით აღნიშნეს.
შაჰრიარის კულტურის საერთაშორისო მედალს გასცემს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევართათვის, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირანისტიკის განვითარებაში. ნომადი ბართაიას შემდეგ მედალი მიღებული აქვთ ქართველ ირანისტებს: თეა შურღაიას, ლილი ჟორჟოლიანს, მაია სახოკიას, გიორგი ლობჟანიძეს.