საქართველოში ჩამოფრინდა მეორე ჩარტერული რეისი ახლო აღმოსავლეთიდან რეგიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ. თვითმფრინავი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
საქართველოს 171 მოქალაქე, რომელიც მიმდინარე მოვლენების გამო დაბრუნებას ვერ ახერხებდა, უკვე სამშობლოშია. კიდევ ერთი ჩარტერული რეისი ამჯერად მუსკატიდან დღეს გვიან ღამით იგეგმება.
ჩარტერული რეისთ ჩამოფრენილი მგზავრები საელჩოს ყურადღებისთვის მადლობას უხდიან.
"ბოლომდე გადაწყვეტილი არ გვქონდა წამოსვლა, მაგრამ საელჩოდან მოვიდა ელჩი სასტუმროში, ადამიანურად გვესაუბრა, აგვიხსნა, რომ საშიში იყო იქ დარჩენა და ჯობდა, რომ წამოვსულიყავით ყველა. ჩვენი სურვილით უნდა გადაგვეწყვიტა. გზა იყო რთული, 25 საათი მოვდიოდით, თან ბავშვებით ვიყავით და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მთავარია მშვიდობით დავბრუნდით. მადლობა საელჩოს, რომ ასე უსაფრთხოდ ჩამოგვიყვანა", - განაცხადა ერთ ერთმა მგზავრმა.
კიდევ ერთი მგზავრის თქმით, გამოფრენამდე კატარში საქართველოს ელჩი ყველას ესაუბრა, დაამშვიდა და ქვეყანაში გამგზავრება შესთავაზა.
"171 კაცი ვიყავით, როგორც ვიცი. 25 საათი ვიყავით გზაში. ჩვენი ელჩი ჩაერთო, ადგილზე მოვიდა ვაკო ავალიანი, ყველას ესაუბრა, სათითაოდ ყველა ადამიანი დაამშვიდა. გამოგვაცილეს კატარიდან, სანამ საუდის არაბეთში გადმოვიდოდით. საუდის არაბეთშიც დაგვხვდნენ წარმომადგენლები, კონსული. წარმომადგენლები აქტიურობდნენ, 2-3 კაცი ადგილზე იყო და თუ სადმე რამე იყო საჭირო, გვეხმარებოდნენ", - აცხადებს მგზავრი.
მგზავრებო განმარტავენ, რომ საქართველოში მათ უსაფრთხოებაზე საელჩო ზრუნავდა.




