სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და მათ ოჯახებს სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, მშვიდობასა და წარმატებას უსურვებს.
დღეს, 7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს.
შობა მაცხოვრისა შობის მოვლენები ორ მახარებელს აქვს აღწერილი – მოციქულ მათეს (რომლიც თორმეტთაგანი იყო) და ლუკას (რომელიც სამოცდაათთაგანი იყო). რამდენადაც მათე მახარებელი თავის სახარებას ებრაელთათვის წერდა, იმდენად იგი მესიის წარმომავლობაში ხაზს უსვამს მამამთავარ აბრაამსა და დავით მეფეს, როგორც ეს წინასწარმეტყველთაგან იყო ნაწინასწარმეტყველები. ამიტომაც მათე მახარებელი ასე იწყებს სახარებას: „წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა“ (მათე 1,1-17). იცოდა რა მახარებელმა, რომ იესო არ იყოს იოსების (ქალწულ მარიამის ქმარი) შვილი, იგი არ ამბობს, რომ იოსებმა შვა იესო, არამედ გენიოლოგიური ხაზის აღწერისას ამბობს, რომ „იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, ქრისტედ წოდებული“. მაგრამ რატომ მოჰყავს მაშინ მას იოსების წარმომავლობა და არა მარიამისა? საქმე ისაა, რომ ებრაელები არ აღწერდნენ თავიანთ წარმომავლობას დედის ხაზით (შეიძლება ითქვას, ქალის ხაზით). ამასთან, რჯული მათ ცოლის მოყვანას წარმომავლობის იმ შტოდან ავალებდა, რომელსაც ქმარი მიეკუთვნებოდა, ამიტომაც მახარებელმა წეს-ჩვეულებას არ გადაუხვია და იოსების წარმოშობის აღწერით აჩვენა, რომ მარიამი – ცოლი იოსებისა, და შესაბამისად მისგან შობილი იესო, დავითის შტოდან არიან წარმოშობილნი.