საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს.
ცენტრების საგამოცდო მზადება სრულდება. ამჟამად მიმდინარეობს სექტორების საბოლოო მოწესრიგება.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარდა საგამოცდო ცენტრების მოწყობისა და აღჭურვის ღონისძიებები, დასრულდა კონდიცირება/გაგრილების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო სამუშაოები და ცენტრების კომპიუტერებით აღჭურვის პროცესი.
საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
საგამოცდო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ივლისს დაიწყება.