„მებრძოლთა ქუჩაზე საქართველოს დროშა სატესტო რეჟიმში აღიმართა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დროებით ჩამოიხსნა. ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რასაც ვკითხულობ“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე მებრძოლთა ქუჩაზე აღმართული დროშის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ორი წლის წინ, მებრძოლთა ქუჩაზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გამოისყიდა. რევაზ სოხაძის თქმით, მიმდინარე წელს, ამ ადგილას თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სკეიტ მოედანი გაკეთდა, ტერიტორია კი მთლიანად გამწვანდა და 1500 ძირზე მეტი ხე დაირგო. სამგორის მაჟორიტარის თქმით, ამ საქმეში კერძო სექტორიც აქტიურად იყო ჩართული. რევაზ სოხაძის განცხადებით, ტერიტორიაზე დამატებითი სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც გადაწყდა, სადაც საქართველოს დროშა აღიმართა.
„სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოები ორ ნაწილად გაიყო. პირველ ეტაპზე დაიდგა დროშის სადგამი, რომელსაც 8 მეტრი სიღრმის საძირკველი რკინა-ბეტონის კონსტრუქციით გაუკეთდა. თვითონ 55 მეტრი ლითონის სადგამიც სპეციალიზებულ ქარხანაში აეწყო. იმის გათვალისწინებით, რომ დროშას პერიოდულად გამოცვლა სჭირდება, დამატებით შეძენილ იქნა დროშებიც. ჩატარდა ამხელა სამუშაოები, რაც მთლიანობაში 317 ათასი ლარი დაჯდა და ჩასაფრებულმა ადამიანებმა კი ქილიკი დაიწყეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ დროშის აღმართვას მოხმარდა ეს თანხა “- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, დროშა სატესტო რეჟიმში აღიმართა და კონტრაქტორი მასზე დაკვირვებას აწარმოებდა. რევაზ სოხაძის თქმით, ამ თემაზე ქილიკი უბრალოდ სირცხვილია. როგორც სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ახლა მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება, რაც უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გულისხმობს.
„ვფიქრობ, როგორი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა გქონდეს, ყველაფერზე ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა არასწორია. ჩვენ, ჩვენის მხრივ ვაგრძელებთ საქმის კეთებას და თბილისის გალამაზებას “- განაცხადა რევაზ სოხაძემ.