"ოპოზიცია ყველა პროექტზე, რომელიც საკრებულოში შემოდის, ამბობს, რომ ეს არის ურბანული გენოციდი. მგონია, რომ ეს ფრაზა უკვე გაცვდა და რაღაც ახალი გაქვთ მოსაფიქრებელი“- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.
რევაზ სოხაძის თქმით, საკრებულოს ოპოზიცია პროექტების შინაარსობრივი განხილვის გარდა, რომელიც მუნიციპალიტეტის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერს აკეთებს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ყველა ის კვლევა, რომელთა ჩატარებასაც ოპოზიცია ითხოვს, გრგ-ს დავალებაში ისედაც გათვალისწინებულია.
„მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ყველა ის კვლევა, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ. გრგ-ს დავალება გულისხმობს იმას, რომ დამკვეთი იღებს ვალდებულებას,
თუ რა კვლევები უნდა აწარმოოს. საკრებულოს წევრებმა ასეთი ელემენტარული პროცედურები უნდა იცოდნენ. ასე რომ, მათი პოზიცია არ არის რელევანტური და ეს მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა.
რაც შეეხება კონკრეტულ მშენებლობას, რომელიც ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტით, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ისტორიული შენობა შენარჩუნდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი იქნება და მისი
განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს არსებული ქაოტური განაშენიანება, რაც სატრანსპორტო კოლაფსს ქმნის, აღარ იქნება და გარემო მოწესრიგდება“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, თუ რატომ ითხოვს ოპოზიცია დედაქალაქის მერის საკრებულოში მოსვლას. რევაზ სოხაძის თქმით, კონკრეტულ გრგ-ბთან დაკავშირებით, თბილისის მერი საკრებულოში არ უნდა დადიოდეს.