საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ოპოზიციური პარტიების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით ტრაფარეტული შეფასება ისმის. მისი თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ პროექტს ურბანულ გენოციდს უწოდებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან კარგი პროექტის განხორციელება იგეგმება. სპორტის უნივერსიტეტისთვის ისეთი შენობა აშენდა, რომელსაც სპორტული სამყარო დიდი ხანი ელოდა.
ის ინტერესი, რომელიც დეველოპერს აქვს, ძალიან კარგი და თამამი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენობა შეემატება. მიუხედავად იმისა, რომ ვაკის რაიონში არაერთხელ იყო მშენებლობებთან დაკავშირებით წინააღმდეგობები, დღეს ეს შენობები თბილისის სავიზიტო ბარათია. ძალიან ბევრი უზუსტობა იყო კომენტარებში. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ტექნიკურ საკითხებში კარგად ვერ ერკვევიან“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
როგორც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ეს არის გეგმარებითი დავალება, როდესაც მერია და საკრებულო გასცემს დავალებას, თუ როგორი განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა წარმოადგინოს დამკვეთმა. მისი თქმით, მიიღებენ ისეთ პროექტს, რომელიც ქალაქს მხოლოდ სიკეთეს შემატებს.
„ მინდა აღვნიშნო, რომ ოპონენტების მხრიდან ბევრი უზუსტობა იყო გაჟღერებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დაცულია და კოეფიციენტის გადაჭარბება ხდება. ეს ყველაფერი გათვლილია, რომ საზოგადოების მხრიდან აღშფოთება გამოიწვიონ.
ამა თუ იმ პროექტის დამტკიცების დროს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის კომპანიის მფლობელი. აუქციონი იყო ღია და ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, პროექტს გამარჯვებული კომპანია განახორციელებს. პროექტის შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილება სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე მოხდება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.