თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება რეკრეაციული სივრცეების შექმნა და რეაბილიტაციაა. რევაზ სოხაძის თქმით, ქალაქში ამ მიმართულებით იმდენი, რამდენიც დღეს კეთდება არასდროს გაკეთებულა. საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, რეკრეაციულ სივრცეებში განთავსებულია კამერები, რამაც კრიმინოგენური ვითარება რადიკალურად შეცვალა.
რევაზ სოხაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს - ავარიული სახლების ჩანაცვლებას შეეხო. მისი თქმით, ამ პროექტის დაწყება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. რევაზ სოხაძის განცხადებით, ქალაქში გაჩნდა ინსტრუმენტი, თუ როგორ უნდა ჩაანაცვლდეს ავარიული კორპუსები.
„დღეს უამრავი ამხანაგობა სარგებლობს ამ პროგრამით და მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ოჯახი გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში, ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად დიდი მოთხოვნაა. რევაზ სოხაძის თქმით, დედაქალაქის მერია და მუნიციპალიტეტი ამ პროცესს სწორად მართავს და ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა.
„ჩვენი კოლეგები მუდმივად აპელირებენ საცობებსა და მშენებლობებზე. ორივე თემა ქვეყნის განვითარებას უკავშირდება და შესაძლოა პოპულიზმისთვის კარგი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალაქის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტი და ჩვენ ყველანი სწორად ვმართავთ ამ პროცესს. რატომ არის მაღალსართულიან კორპუსებთან დაკავშირებით ასეთი პროტესტი სიმართლე გითხრათ არ მესმის. მე მირჩევნია, მიწა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რაც შეიძლება მეტი სივრცე დარჩეს რეკრეაციას და იყოს მაღალი კორპუსები. ქალაქი ვითარდება და ვერ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ და მიგვაჩნია, რომ სწორად და კარგად ვმოქმედებთ“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.