თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე დღეს მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის მიერ გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მეტროსადგურ „ ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლიდან იგეგმება.
„სამგორის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ელოდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას. ტენდერი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს, ხოლო პროექტის ღირებულება კი 13,4 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმითა და სტანდარტით. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მეტროსადგური ზაფხულის პერიოდში დაიკეტება. ორი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღნიშნული დაბალანსდეს და მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შეექმნას“.- აღნიშნა რევაზ სოხაძემ
საკრებულოს დეპუტატმა „მზიურის“ ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შედეგად, რეკრეაციული სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს „მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები იგეგმება.
მისი თქმით, სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. აღნიშნული სივრცე მოწესრიგდება,
ეს ყველაფერი კი მზიურის პარკს კიდევ უფრო გაალამაზებს და ქალაქს მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
დღესვე, რევაზ სოხაძემ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მსჯელობის და შემდეგ გადაწყვეტილების მიღების პროცესი საჯაროა, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს საშუალება ექნებათ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ და აზრი დააფიქსირონ.
„როგორც თბილისის მერმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა , აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება და აქ განაშენიანება მნიშვნელოვანი პროექტია. მისი განხორციელება ქალაქს ძალიან ბევრ სიკეთეს შესძენს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი პოლიტიკურად არაანგაჟირებული, განსხვავებული აზრის მოსასმენად, თუმცა გადაწყვეტილებას ამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ“.- განაცხადა რევაზ სოხაძემ