საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საზოგადოებას ახალი გამოცემა წარუდგინა. წიგნი „ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ საარქივო ფონდებში დაცულ ხელნაწერებსა და ისტორიულ საბუთებს აერთიანებს.
გამოცემაში შეტანილია ეროვნულ არქივში დაცული IX-XIX საუკუნეების ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების მოხატულობები და შემკულობები, გამორჩეული ანდერძ-მინაწერები და ავტოგრაფული ნუსხები, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ნუსხები, ბოლო ხანებში გამოვლენილი პალიმფსესტები და სხვა სიახლეები, ხელრთვები და ბეჭდები. რედაქტორ-შემდეგენელი – ქეთევან ასათიანი; რედაქტორები – ნათია დუნდუა, დალი ჩიტუნაშვილი, მანანა ჭუმბურიძე.
აღსანიშნავია, რომ არქივში 1000-მდე ხელნაწერი და 15 000-ზე მეტი ისტორიული საბუთი ინახება.
ახალი გამოცემის პრეზენტაცია საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ღონისძიებას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
წიგნის შეძენა შესაძლებელია ეროვნული არქივის მაღაზიაში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის #40.