საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანხასთან დაკავშირებული კონფლიქტის საფუძველზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. შემთხვევის ადგილიდან ასევე გაიქცა ბრალდებულის თანმხლები პირი რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული მისმა თანმხლებმა პირმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არც მან შეატყობინა.
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 სექტემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.