გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადება რეგულარულად ხორციელდება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა და სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები - „გარემოსადცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადასცა.
„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენინგები ეხმარება მასწავლებლებს, სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი აქტივობები დანერგონ გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით. მისასალმებელია, რომ გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების გადამზადების პროცესი 2021 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 6000-მდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი უკვე გადამზადებულია.