პროფესიული მომზადების პროგრამის ,,გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა და პროგრამის შესახებ ისაუბრა.
„პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს დეტალურად შეისწავლონ ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით გაწერილი გარემოსდაცვითი მმართველის პასუხისმგებლობები. ასევე, შესაბამისი კადრების მოძიებასა და დასაქმებაში ეხმარება კომპანიებსა თუ საწარმოებს, რომელთაც წარმოექმნებათ სხვადასხვა ტიპის ნარჩენი და ვალდებულები არიან ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე”, - განაცხადა ეკატერინე ბენდელიანმა.
პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და განახლებას, ნარჩენების კლასიფიცირებას, ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობას, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებასა და ორგანიზებას, კომპანიის თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს ნარჩენების ელექტრონულ სისტემაში ანგარიშგების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას და წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. სასწავლო კურსის მონაწილეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები ჩაუტარებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროფესიული მომზადების პროგრამამ - “გარემოსდაცვითი მმართველი” განხორციელების უფლება 2022 წელს მოიპოვა.