ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.
გარდაცვალების ფაქტი "აიპრესს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
თენგიზ ცერცვაძე (დ. 16 მარტი, 1948) — ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი წლიდან. ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019). ბიოგრაფია
თენგიზ ცერცვაძე დაიბადა 1948 წლის 16 მარტს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972-1974 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1974-1979 წლებში იმავე ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1979-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1983 წლებში — უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983-1986 წლებში — იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე. 1986-1990 წლებში მუშაობდა ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს კლინიკური იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1990-2001 წლებში შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორად; 1997-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი; 2001-2007 წლებში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2004 წლიდან საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია; 2006 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2007 წლიდან ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის „ჰეპა“ ხელმძღვანელი.