საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე, კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ქართულ კულტურას, ჩვენი ხალხის სახით, ყოველთვის ჰყავდა ერთგული და სანდო პატრონი - ნამდვილი გულშემატკივარი და მის მომავალზე მზრუნველი.
ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია მისი შემოქმედებისა და შრომის მიმართ სახელმწიფოს მიერ მადლიერებისა და სრული მხარდაჭერის გამოხატვა. დღეს კიდევ ერთხელ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. სახელმწიფო ჯილდოები ჩვენი კულტურის მოღვაწეთა როლს კიდევ უფრო წარმოაჩენს", - აღნიშნა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს










