ტელეკომპანია “პოსტივის” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა ბოლშევიკური ხასიათის განცხადება, სადაც ის ტელეკომპანია „პოსტვ“-ის რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ აღარ გვაღიარებს. ლომჯარიას აქვს მცდელობა, სწორედაც რომ რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მოახდინოს ჩვენი ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების სტიგმატიზება და იარლიყების მოწებებით ხელი შეგვიშალოს იმ მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში, რასაც „პოსტვ“- დაარსების დღიდან ემსახურება. ბუნებრივია, მისი თავდასხმა მედიასაშუალებაზე მარცხისთვის არის განწირული, თუმცა საჭიროებს რეაგირებას უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რასაც დაველოდებით და ყურადღებით დავაკვირდებით.
ჩვენ არასოდეს ვაღიარებდით ნინო ლომჯარიას, არც სახალხო დამცველად და არც უფლებადამცელად, რადგან მიგვაჩნდა, რომ ის ყოველთვის იყო მისი პატრონების ხელში იარაღი, რომელიც ბოლშევიკებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით ებრძვის ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ღირებული - ტრადიცია, ეკლესია და ადამიანი, თუმცა აზრად არ მოგვსვლია, მას მსგავსი მეთოდებით დავპირისპირებოდით.
ბოლო დღეებში ჩვენ მომსწრე გავხდით ნინო ლომჯარიას პოლიტიკაში საბოლოო ინტრონიზაციის. ღრმად გვწამს, რომ პოლიტიკოსი ნინო ლომჯარიას პოლიტიკური კარიერა ისეთივე კრახისთვის არის განწირული, როგორც მისი მსგავსი არაერთი პროექტი.
ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბოლშევიზმისგან მკაფიო დისტანცირებით არის განპირობებული!" - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.