არავინ დავიშლებით, ვიდრე აქციაზე დაკავებული მოქალაქეები არ გათავისუფლდებიან - მეორე მოთხოვნაა, საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას დაუყოვნებლივ ეყაროს კენჭი - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აქციაზე განაცხადა.
„საქართველოს ამაყო მოქალაქეებო! გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით - „არა რუსულ კანონს!“ დღეს ხელისუფლებას მოუწია, ამ კანონზე უარი ეთქვა. ეს თქვენი პირველი გამარჯვებაა, მადლობა ამისთვის. ჩვენი 133 თანამოქალაქე აქციაზე მშვიდობიანად იდგა, ვიდრე მათ წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა არ გამოიყენეს. ისინი დღეს დაკავებულები არიან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული! არავინ დავიშლებით, ვიდრე დღესვე, ყველა მოქალაქე თავისუფალი არ იქნება. მეორე მოთხოვნაა, ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, დაუყოვნებლივ ეყაროს კენჭი. ეს რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არცერთი დღე არ უნდა იყოს. მე ჩემს პირად მოთხოვნასაც დავამატებდი. „ხალხის ძალამ“ შეიცვალოს სახელი და დაირქვას „ხალხის სირცხვილი“. ხალხის ძალა ხართ თქვენ! ახლა გვეუბნებიან, რომ აპირებენ გაშალონ ფრონტი, იარონ საქართველოს მოქალაქეებთან და დაარწმუნონ, რომ რუსული კანონი კარგია. უკეთესი პროპაგანდა უნდა გვქონდესო. სადაც რუსული პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამოსარეცხად მიხვალთ, ყველგან ნამდვილი ხალხის ძალა დაგხვდებათ. თქვენ ქართველი ხალხის სირცხვილი ხართ.
ჩვენ, ქართველი მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, როგორი ევროპელები ვართ და როგორ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რომელზედაც ევროპული ერთობა დგას. ჩვენ ევროპაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ.
წარმატება! გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.