ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ… - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!
სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.
გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.
ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.
და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.
„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!“ - ნათქვამია ეპოსტოლეში. რომლის სრული ვერსი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (სრული ვერსია)