წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, – ურთიერთსიყვარულში დაბრუნება. - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სააღდგმო ეპისტოლეშია ნათქვამი.

"ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ.

ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.

დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან – განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.
მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!

სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი, ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2024 წელი


პ.ს.  სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (სრული ვერსია)