უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ქაშვეთისა და სამების ტაძარში აღვლენილ პარაკლისებს დაესწრნენ და მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
„17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და მოიცავს ერთკვირიან მსვლელობას რიზედან თბილისამდე.
წელსაც, 11 მაისს, სამღვდელოებამ (გასული წლების მსგავსად) წმ. ანდრია მოციქულის მიერ განვლილი გზის მსგავსად, აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო ლოცვითი მსვლელობა.
17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ურიცხვ ხალხს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმართა სიტყვით, შემდეგ კი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი. პარაკლისი გადახდილ იქნა წმ. სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც დასრულდა ხატით მოგზაურობა.
ქაშვეთისა და სამების ტაძარში აღვლენილ პარაკლისებს დაესწრნენ და მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
მისი უწმინდესობის კურთხევით, ოჯახის დღე დიდი ზეიმით აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც: მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, თელავში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ახალციხეში, მარტვილში, ოზურგეთში, ონში, ცაგერში, დუშეთში, ზესტაფონში და სხვ.
მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით… შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.