ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ – მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება. - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში ნათქვამი. 

განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა მწუხრსა განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი” (მელეტი ანტიოქიელი).
აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული!

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი!
მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა. - ნათქვამია ეპისტოლეშო, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (სრული ვერსია)