თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ განცხადება გააკეთა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპოზიცია გაემიჯნა საკრებულოს საქმიანობას.
„თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ პრაქტიკულად თავი გაიუქმა, რადგან არ მონაწილეობენ საკრებულოს საქმიანობაში. ისინი გამიჯნულები არიან და საკრებულოს მიღმა აკეთებენ განცხადებებს, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი არსებითი წარმოდგენა არ აქვთ. ძირითადად ეს არის წინასაარჩევნო რეფლექსიები, რომ დაძაბონ სიტუაცია და არსებითად მათ შეფასებებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციას მოუწოდა, საკრებულოს მუშაობაში ჩაერთონ.
„მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დაბრუნდნენ ჩვეულ სამუშაო გარემოში, იყვნენ კონსტრუქციულები, შეასრულონ ხალხის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია და დაანებონ ქუჩა-ქუჩა სირბილს და ტყუილების გავრცელებას თავი“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.