საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პრემიერის პროგრამის ფარგლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის №190 საჯარო სკოლის გამაგრება/ სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ადგილზე დაათვალიერა.
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლა მოსწავლეების მიღებას ოქტომბრიდან შეძლებს. სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაციის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ფასადისა და შესასვლელის მოპირკეთება, დასუფთავება და სკოლის აღჭურვა მიმდინარეობს.
თბილისის N190 საჯარო სკოლაში, ჯამში 3 082 621 ლარის ღირებულების, სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდა: პირველ ეტაპზე, მოხდა სასწავლო კორპუსის გამაგრება და ორივე კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია, რომლის შემდგომ დაიწყო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში შენობის ოთხივე სართულზე გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ფოიე, ადმინისტრაციული ნაწილი, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები და კიბის უჯრედები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალფუნქციურ დახურულ სპორტულ დარბაზს. სამუშაოების დასკვნით ეტაპზე რეაბილიტირდება სკოლის მე-2 კორპუსის ფასადი და ეზო, მოეწყობა ასფალტის საფარი და გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ტექნიკით, რისთვისაც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ კიდევ 130 000-მდე ლარი იქნა გამოყოფილი საოფისე და სასკოლო ავეჯისა და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.
განხორციელებული პროექტის შედეგად სკოლის 697 მოსწავლე და 62 თანამშრომელი შეძლებს ისარგებლოს სრულად განახლებული სასწავლო სივრცეებით, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, ექიმის კაბინეტით და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზით. სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.