სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ თბილისის №39 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ეტაპობრივად განახორციელა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო.
სააგენტოს მიერ, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, შენობის ოთხივე სართულზე გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ფოიე, სააქტო დარბაზი, ექიმის ოთახი, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები და კიბის უჯრედები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო გათბობის, წყალ-კანალიზაციისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. სრულად რეაბილიტირდა შენობის სახურავი, ღობე და წინაფრა. მოეწყო მრავალფუნქციური, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე: მოწყობილია პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები და ლიფტები.
ჯამში 1 026 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა. შედეგად სკოლის 1465-ზე მეტი მოსწავლე და 113 თანამშრომელი შეძლებს ისარგებლოს განახლებული სასწავლო სივრცეებით; 3 ივლისიდან კი სკოლა ეროვნული გამოცდების აპლიკანტებს უმასპინძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.