ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე გადადგმული არაერთი დადებითი ნაბიჯის მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წელის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშშია ნათქვამი.
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მათ შორის, უსინათლო პირთათვის, ამ დრომდე სერიოზულ გამოწვევად რჩება წვდომა ფიზიკურ გარემოზე, ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, საბანკო თუ სხვა მომსახურებებზე. პრობლემურია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული განათლების უზრუნველყოფაც.
ამ დრომდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს არსებულ შენობა/ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის დროულ უზრუნველყოფას. საგულისხმოა ისიც, რომ უკვე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით („მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“) განსაზღვრული სტანდარტები პრაქტიკაში ეფექტიანად არ სრულდება.
მნიშვნელოვანია შეფასების სამედიცინო მოდელის დროულად ჩანაცვლება ბიოფსიქოსოციალური მოდელით, რის შესახებაც სახალხო დამცველმა, გასულ წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს წარადგინა.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/CesTp