რამდენიმე ათეული ადამიანი როდესაც კეტავს მოძრაობას, რა თქმა უნდა, მათი გზიდან გადაყვანა ლეგიტიმურია, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„პროპორციულობას როდესაც ვაფასებთ, აქედან გამომდინარე ვამბობთ, სად იყო პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და სად – დაცული ძალა პროპორციულად. იქ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი კეტავს მოძრაობას, რა თქმა უნდა, პროპორციის ნაწილში, მათი გზიდან გადაყვანა ლეგიტიმურია. რაც შეეხება დაკავებას და პოლიციის ქმედებებს, ამ შემთხვევაში, მელიქიშვილის გამზირზე ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით გავავრცელეთ განცხადება და შევაფასეთ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. მას შემდეგ, რაც აქციაზე ადამიანების დაკავება დაიწყო და ამის შესახებ ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩვენმა წარმომადგენლებმა მაშინვე დაიწყეს ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ დაკავების იზოლატორებში. დაკავების ყველა შემთხვევაზე შესაბამისი საოქმო ჩანაწერი გვაქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა აქციის მონაწილეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევებს.

იოსელიანის თქმით, მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა დაუშვებელია.

„მედიას თავისუფალ გარემოში საქმიანობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა ან საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და საზოგადოების გასაგებად ვიტყვი, რომ ნებისმიერი ხელშეშლა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარე აქციაზე დღეს დილიდან 16 პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. აქედან 3 გათავისუფლებულია ხელწერილით. - ამის შესახებ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

დღეს დილიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.  

მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაიყვანეს. 

პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. იმყოფებიან.  

პოლიცია ცდილობდა აქციის მონაწილეები გადაეყვანა  გზის სავალი ნაწილიდან, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დრომდე გადაკეტილია საავტომობილო გზა.

აქციაზე დღეს დილიდან 16 პირია დაკავებული, აქედან 3 გათავისუფლებულია ხელწერილით.

შსს-მ ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს 15-წუთიანი დრო მისცა გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად