შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, გაიმართება.

"მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს. ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.

მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას." - წერს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე

ცნობისთვის,  2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის ის გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  2025 წლის 28 აპრილს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და ისევ პატიმრობაში დატოვა.  

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.