„გილოცავთ ყველას 4 ოქტომბრის გამარჯვებას. ვულოცავ ჩემს კოლეგებს საპატიო მანდატს, რასაც თბილისის საკრებულოს წევრობა ჰქვია და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის“, -  ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე  საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, განაცხადა.

„მადლობა ჩვენს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. ეს არის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც„ ქართულ ოცნებას“ აქვს. ამომრჩეველმა ხმა მისცა თბილისის და საქართველოს მეტ განვითარებას, რადგან, თუ ვინმეს დღეს ამის გაკეთება რეალურად შეუძლია, ეს სწორედ ქართული ოცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ბოიკოტით იყო დაკავებული, მოქალაქეები მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ამით საკუთარი განწყობა დააფიქსირეს.  4 ოქტომბერს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი მუდმივ არეულობასა და გრძელვადიან მშვიდობას შორის. ნათელია, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა რადიკალურ ოპოზიციას არც მშვიდობას ანდობს და არც ძალადობას უწონებს. ოპოზიციის მარცხი გარდაუვალი იყო, ქართული ოცნების გამარჯვება კი  -  ლოგიკური, რამდენადაც ის ერთადერთი ძალაა, რომელიც სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით მოქმედებს“,  -  განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

როგორც ნინო ვარდოსანიძემ  თავის გამოსვლაში აღნიშნა, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან  კახა კალაძის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა  იმ სასიკეთო საქმეების დამსახურებაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქისთვის გაკეთდა.

 „მნიშვნელოვანია სამომავლო პროექტები, რის შესახებაც  საზოგადოებას ინფორმაცია  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიეწოდა და დანამდვილებით ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის და კახა კალაძის მერობის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება და ყველა დაგეგმილი პროექტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს - მეტად ლამაზ, მწვანე და ევროპულ ქალაქად აქცევს“,  -  განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ საკრებულო აქტიური იქნება ყველა საკითხის განხილვაში  და ყველა იმ სიახლეს დაუჭერს  მხარს, რომელიც თბილისს და მის თითოეულ მაცხოვრებელს უკეთეს მომავალს შეუქმნის.