„მინდა გამოვეხმაურო იმ დიდი დოზის აგრესიას, ბულინგს, შეურაცხყოფას, რაც ბოლო დროს გამოვლინდა“,- განაცხადა თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ.
მისი თქმით, სამწუხაროა და მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი მიმართულებით და კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ძალადობის წახალისებას ხდება, რადგან, სწორედ ეს არის, რაც რეალურად პროვოცირებას უკეთებს და მწვანე შუქს უნთებს მომდევნო ძალადობას.
„ფაქტებით და მაგალითებით რომ ვისაუბროთ, რაც ხდებოდა მოვლენების საწყის ეტაპზე, ნიკა გვარამია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის სახეა, აჩვენებს, არათუ ორმაგი სტანდარტის მაგალითს, არამედ ეწინააღმდეგება ყველანაირ სტანდარტს. გვარამიას ერთ-ერთ სტატუსში ვკითხულობთ - ,,რომან გოცირიძემ გინების საპასუხოდ პლანშეტი თავზე გადაატეხა დეპუტატს’’, აქვე, მისი შეფასებით, რომან გოცირიძე ქართული პოლიტიკის კოლორიტია. როგორც ჩანს, რომან გოცირიძეს თურმე შეუძლია სხვა ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდეს. თავად ფაქტი ხომ ძალადობრივია, მაგრამ ფაქტის ამგვარი აღწერა ძალადობის წამახალისებელია“, - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, პოლიციელებზე აგრესიას, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას, სხვადასხვა სახის პროვოკაციებს ამართლებენ და ახალისებენ ძალები, რომლებიც დასავლური ღირებულებების დამცველებად ასაღებენ თავს.
„აქციების პარალელურად პოლიცია დღეების განმავლობაში ისმენდა და ითმენდა მძიმე ფორმის ლანძღვას, გინებას. პოლიციელი არ არის რიგითი მოქალაქე. მსგავსი შეურაცხყოფით, შეურაცხყოფენ სახელმწიფოს, ადამიანებს რომლებიც იცავენ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტი, არამცთუ დაგმეს, არამედ ოვაციებით მიიღეს, რაც ფიზიკური ძალადობის წახალისებაა.
დეპუტატმა გამოყო სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, რომელმაც თანამდებობისთვის შეუფერებელი კომენტარები გაავრცელა, რაც მისი თქმით, საზოგადოებაში მანკიერი დამოკიდებულებების გაღვივებას უწყობს ხელს.
„ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ლაშა ტალახაძეს საჯაროდ მიმართა შეურაცხმყოფელი კომენტარით. ასევე, მის პირად გვერდზე ვკითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს - ,,სამწუხაროდ ჯერ არაფერი ეტყობა ამ ნაკრებს ეროვნულის, ურემი რომ გადაბრუნდება მერე აფრიალეთ ეგ ორსიტყვიანი პოსტები’’. ,,კვარაცხელია ვერ გასცდა მჩხიბაობის დონეს’’. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე წერს, ,,ვაზიარებ რუსეთის აგენტურის საქართველოს ფილიალის განცხადებას’’. შეგახსენებთ ეს ადამიანი უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, რომელიც მოიცავს სიტყვის, აზრის, გამოხატვის და რწმენის თავისუფლებებს მათ შორის. როგორც აღმოჩნდა, ცუდი მასწავლებლის კარგი მოსწავლეა, რადგან ყოფილი სახალხო დამცველიც გამოირჩევა სხვათა უფლებების შელახვით“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ნინო ვარდოსანიძემ სხდომაზე შესაძლო სანქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„როცა რეალურად ძირი ეთხრებოდა საქართველოში დემოკრატიას, ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ყალბდებოდა არჩევნები, უმოწყალოდ ირბეოდა აქციები და არ არსებობდა ობიექტური მედიასაშუალებები, სამწუხაროდ მაშინ არ გვახსოვს სანქციებზე საუბარი და ხალხის ნების გათვალისწინება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, გაგრძელდება ქვეყნის განვითარება მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვით“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.