რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებული პროცესები, ნათელი მაგალითია იმის, რომ თავად მინისტრების მუშაობა რამდენად ეფექტიანი უნდა იყოს ისე, რომ პრემიერ-მინისტრთან არ მივიდეს პრობლემა, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, ირაკლი კობახიძემ იმდენად დეტალურად ახსნა და ისაუბრა საკადრო ცვლილების ფაქტთან დაკავშირებით, რომ მეც მისი ნათქვამის გამეორება გამომივა. თავისთავად საჭიროება, რამაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა, თვალნათელი იყო წინა დღეებში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. ეს საკმაოდ ხმაურიანი პროცესი იყო და ფაქტობრივად, ერთი შეხვედრის შედეგად დალაგდა და გადაწყდა პრობლემა პრემიერ მინისტრის მიერ. ეს ალბათ ნათელი მაგალითია იმის, რომ თავად მინისტრების მუშაობა რამდენად ეფექტიანი უნდა იყოს ისე, რომ პრემიერ-მინისტრთან არ მივიდეს პრობლემა“, - აღნიშნა წილოსანმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურას, ვიცე-სპიკერის თქმით, გადაწყვეტილებას პარტიის საპატიო თავმჯდომარესა და პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს თანამდებობა დატოვა. დღესვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.