გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 სადგურია განთავსებული.
„სახელმწიფომ 2014 წლიდან ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების, მოწყობილობების დაყენებას, რომლებიც ჩვენს სინოპტიკოსებს, შესაბამის სპეციალისტებს ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ეს ჩვენმა მოსახლეობამ მკაფიოდ უნდა იცოდეს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დღესდღეობით 200 სადგურია, 100 სადგურის დამონტაჟება მიმდინარეობს. როცა ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდეს და მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.