თამამად მინდა განვაცხადო, რომ ამ ხეობაში ადგილი ჰქონდა ძალიან მყისიერი ბუნებრივი მოვლენის განვითარებას, რამაც საბოლოო ჯამში ასეთი მასშტაბის სტიქია გამოიწვია, რომლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სტიქიის განვითარების დღიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა 6 ჯგუფი იმყოფებოდა ადგილზე. მათ ძალიან სიღრმისეულად და დეტალურად შეისწავლეს ადგილზე ვითარება. ორჯერ დათვალიერდა ხეობა ვერტმფრენის საშუალებით. გუშინაც მოხდა განმეორებით შეფრენა. პარალელურ რეჟიმში ვამუშავებდით სხვადასხვა ინფორმაციას, იქნებოდა ეს სატელიტური მეტეოროლოგიური სადგურებიდან თუ რადარებიდან მიღებული ინფორმაციები და ყველა ამ ანალიზის საფუძველზე ვაცხადებთ დასკვნას, რომელსაც დღეს საზოგადოებას გავაცნობთ.
ოფიციალური დასკვნა დღეს გამოქვეყნება, სადაც ჩვენი სპეციალისტები და გარემოს ეროვნული სააგენტო მიზნად ისახავს, რომ გაეცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რაც საზოგადოებას აქვს. ვიდრე ოფიციალურად გასაჯაროვდება ეს დასკვნა, მე თამამად მინდა განვაცხადო, რომ ამ ხეობაში ადგილი ჰქონდა ძალიან მყისიერი ბუნებრივი მოვლენის განვითარებას, ადგილზე კლდოვანი მასის ჩამოშლას, რომელსაც თან სხვადასხვა მოვლენის ერთობლიობა დაერთო, როგორიც გახლდათ ნალექები, ეროზიული, მეწყრული პროცესები და საბოლოო ჯამში ამან ასეთი მასშტაბის სტიქია გამოიწვია, რომლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.