„ჰაერის დაბინძურება ზეგავლენას ახდენს ისეთი მსხვილი არაგადამდები დაავადებების ჩამოყალიბებასა და დამძიმებაზე, როგორებიც არის: გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები, სიმსივნეები, დიაბეტი. საქართველოსთვის, ამ დაავადებების ტვირთი, თითქმის, 97%-ს შეადგენს“, - ამბობს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ნია გიუაშვილი.

მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, საქართველოში, გარემოსთან ასოცირებით, აღნიშნული დაავადებების ზემოქმედების წილი, 25%-ს აჭარბებს, სიკვდილობის რაოდენობა, ყოველწლიურად, თითქმის, 7 000-ს აღწევს.  

„აქედან გამომდინარე, ჰაერის გაუმჯობესებისათვის რეგულაციების დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის - ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, სადაც რეალურად მოხდა ჰაერის დაბინძურების და შესაბამისად, ავადობისა და სიკვდილობის ტვირთის შემცირება. ეს  უკავშირდება, პირველ რიგში, მყარ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის რეგულაციებს, გამწვანებას, სამშენებლო სექტორს და ა. შ. “, - აცხადებს ნია გიუაშვილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი რისკ-ჯგუფებთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურება ყველაზე დიდ გავლენას მათ ჯანმრთელობაზე ახდენს:

„მათ შორის არიან ბავშვები, რომელთა რესპირატორული დაავადებების განვითარებაში, ჰაერის დაბინძურებას, თითქმის, 50%-იანი წილი აქვს. ეს ეხება ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების - პნევმონიების. ასევე - სხვადასხვა ტიპის ინფექციის განვითარებას. გარდა ამისა, რისკ ჯგუფებში შედიან ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები“, - ამბობს ნია გიუაშვილი.