ჩვენი სახალხო დამცველი ჩავრთეთ საქმეში, სოზარ სუბარი, დღე და ღამე რომ მოსვენებას არ ვაძლევდით, მთელ ძალისხმევას არ იშურებდა ამ საქმის გამოძიებისთვის მაგრამ, ვერაფერ შედეგს ვერ ვაღწევდით. მე ცოცხალი მეგონა, არ მეგონა თუ მას სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, თანაც - უდანაშაულოს,  -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ მოკლული დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

თამარ არღვლიანმა, სოზარ სუბარს მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის პირობებში ცინდელიანების ოჯახის გვერდით დგომისთვის და აღნიშნა, რომ მის შვილს, რომელიც სამშობლოს პატრიოტი იყო, შპიონაჟი დასწამეს. 

"მაშინ გასკდა საქმე, რომ დასწამეს შპიონაჟი, რაც ახლოსაც არ არის ჩვენს ოჯახთან. ის სამშობლოს პატრიოტი იყო. სურათიც მაქვს, მისი სტუდენტობის პერიოდში ლარსის საზღვარი რომ გადმოკვეთეს რუსებმა, როგორ ჩაუდგა სათავეში ამ მოძრაობას და ლარსის საზღვარი უკან რომ გააწევინეს ამ სტუდენტურმა მოძრაობამ. ყველაფრის სათავეში მაშინ ის იყო. შპიონაჟი დასწამეს, რაც არ იყო, ის არ აღიარებდა და საღამოს, დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ჩაუბარებიათ თბილისიდან წამოსული სამკაციანი სპეცრაზმისთვის, რომლებსაც ახალაიას ბრძანებით დავალებული ჰქონდათ, ჩაეყვანათ თბილისში. მაშინ გზაში ტანკები იდგა და შემოვლითი გზებით მიდიოდნენ. აბასთუმნამდე რომ ჩასულან, ისევ დაურეკავთ დათა ახალაიას და ზურაბ კუბლაშვილს, თბილისში არ ჩამოეყვანათ და ბათუმში ჩაეყვანათ, პირდაპირ ჩაეყვანათ ბათუმში და ჩაებარებინათ აფხაზეთის კუდ-ისთვის, ხელმძღვანელი რომან შამათავა. ეს ამბავი ხდება, შავაძის დახვრეტის დილას." - აღნიშნა თამარ არღვლიანმა.