საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელი: „თქვენო უწმინდესობავ, მსურს, უდიდესი პატივისცემით გულითადად მოგილოცოთ ღირსშესანიშნავი თარიღები – აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილე.
თქვენ უკვე მრავალი წელია ერის სულიერ აღმავლობაზე ზრუნვით გვატარებთ ჭეშმარიტების გზაზე და თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითს წარმოადგენთ.
ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობის, ერის განათლებისა და ქვეყანაში კეთილდღეობისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ საიუბილეო თარიღებს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“