თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნესმეგობრული“, მიმდინარეობს. ფორუმზე, რომლის თემატიკაც სხვა მრავალ საკითხთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების სამართლებრივ ჭრილს მოიცავს, მოხსენებით თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი წარდგა.
ლევან ჟორჟოლიანმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფორუმი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმას წარმოადგენს. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს მოიცავს, თუმცა, მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ფორუმზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში.
„ქალაქის ფუნქციონირება სამართლებრივი ფორმის და შინაარსის გარეშე არ არსებობს. ჩემს დღევანდელ გამოსვლაში მინდა თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითი გამოვიყენო, მუნიციპალიტეტისა, რომელსაც კანონით სპეციალური სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო უფლებამოსილებებით სხვა თვითმმართველ ერთეულებს ბევრად აღემატება. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის მაგალითი იმისა, თუ რას და როგორ შეიძლება მომავალში დაეფუძნოს მუნიციპალიტეტის გაძლიერება, კომპეტენციების ზრდა და ზოგადად დეცენტრალიზაციის სტრატეგია“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებზე ისაუბრა და ყურადღება მუნიციპალიტეტის მუშაობის მთავარ კონსტიტუციურ პრინციპზე - სუბსიდიარობაზე - გაამახვილა. ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, სუბსიდიარობის პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილება მმართველობის იმ დონეზე უნდა განხორციელდეს, რომელიც მოქალაქეებთან ყველაზე ახლოსაა. მისივე თქმით, სუბსიდიარობა არის გარანტი, რომ საჯარო პოლიტიკა ხელისუფლების ყველა დონეზე იქნება წარმატებული და მის განხორციელებაში მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, კომპეტენციათა სუბსიდიარობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან კვალიფიციურ მოხელეებს, არჩევით წარმომადგენლობით ორგანოს, ადეკვატურ ფინანსურ უზრუნველყოფას და აუცილებელ ინფრასტრუქტურას მოითხოვს.
გარდა ამისა, ლევან ჟორჟოლიანი თავის გამოსვლაში ისეთ საკითხებსაც შეეხო, როგორებიცაა ქალაქგეგმარება, საბინაო პოლიტიკა, ქონების მართვა, საინვესტიციო და გარემოს დაცვის საკითხები. მისი თქმით, ქალაქგეგმარების, ქონების მართვისა და საინვესტიციო პოლიტიკის ურთიერთქმედებით შესაძლებელია უპრეცედენტო პროექტების განხორციელება.
ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება საბინაო საკითხებსა და უსახლკარო პირების თავშესაფრით დაკმაყოფილებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, საბინაო საკითხები ქალაქის იერსახის, ურბანული მედეგობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა კი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა.
„ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება, იზრუნონ უსახლკარო პირებზე და შექმნან ისეთი სამართლებრივი ბაზა, რომელიც უსახლკარო პირებსა თუ ოჯახებს სამართლიანი კრიტერიუმების ფარგლებში საცხოვრებლითა და თავშესაფრით უზრუნველყოფს. ამ კომპეტენციის შესრულებას კი სჭირდება საბინაო ფონდი, რომელიც იქმნება ორი გზით - ბიუჯეტითა და იმ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებით შექმნილი უძრავი ქონებიდან, რომელიც ამა თუ იმ ქონების განკარგვის ან ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის შემუშავების პროცესში წარმოიშვა, როგორც აქტივი. ავარიული შენობების ჩანაცვლება ამ საკითხის გაგრძელებაა და მასში თბილისი, როგორც მუნიციპალიტეტი, ორი გზით მონაწილეობს: თავად უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრებით ისტორიულ თუ არაისტორიულ უბნებში რეაბილიტაცია/ჩანაცვლებას; წინასწარ ადგენს იმ კრიტერიუმებს, პირობებსა თუ შესაძლებლობებს, რომლებიც ბიზნესს მისცემს საშუალებას თავად განახორციელოს ეს შესაბამისი ბიზნეს ინტერესის დაკმაყოფილებით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანმა ისაუბრა აგრეთვე სამშენებლო სექტორზე და განაცხადა, რომ ეკონომიკური საქმიანობის ლომის წილი სამშენებლო სექტორზე მოდის, შესაბამისად ამ სფეროში მუნიციპალიტეტის როლი განუზომელია.
მოხსენების დასასრულს ლევან ჟორჟოლიანი გარემოს დაცვის საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ისეთი სერვისები აქვს, როგორებიცაა: ჰაერის დაბინძურების კონტროლი, გამწვანება, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, სუფთა სასმელი წყლით მომარაგება, ბუნებრივი რესურსებისა და ნარჩენების მართვა და სხვ. მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების უმეტესობის იმპელემენტაცია სწორად მუნიციპალურ დონეზე ხდება. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ამ სფეროს მოწესრიგების გარეშე არ არსებობს მდგრადი განვითარება.