ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ფისკალური მიმართულებით რეკომენდაცია არის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ის პოლიტიკა, რაც უკვე აქვს განსაზღვრული.
„მონეტარული მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული, რომელიც ანგარიშშიც არის ასახული. ასევე, გარკვეული რეკომენდაციები გაიცა რეზერვებთან დაკავშირებით, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გამოსწორებული ვითარება და ის ტენდენცია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეშია დაფიქსირებული, სრულად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეზერვებთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ ექნება ეროვნულ ბანკს და ქვეყანას. რეზერვები ძალიან სწრაფად იზრდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ სებ-ის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალურ ელემენტად რჩება. ამასთან, სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა კვლავ კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია.