სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის წლიური ბიუჯეტი 13 615 000 ლარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში დაიწყო, მიმდინარეობდა ან დასრულდა შემდეგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი:
● მცხეთის ჯვრის ტაძრის ინტერიერში გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებლად მიმდინარეობს და სექტემბერში უნდა დასრულდეს შესაბამისი კვლევითი სამუშაოები;
● ზემო სვანეთში რეაბილიტაცია მიმდინარეობს ან უკვე ჩაუტარდა ერთ ეკლესიას, 12 კოშკს, 12 მაჩუბსა და ორ საცხოვრებელ კომპლექსს უშგულის, მულახის, ნაკრის, წვირმის, იფარისა და ლენჯერის თემებში და სოფელ ხალდეში;
● რუსთაველის ეროვნული თეატრის სახურავისა და კაფე ქიმერიონის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის მიმდინარეობს კვლევითი და საპროექტო სამუშაოები;
● ვარძიაში მიმდინარეობს კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კრიტიკული უბნების სტაბილიზაციის მორიგი ეტაპი და ქვათაცვენის საფრთხისაგან დამცავი სამუშაოები;
● დასრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ხაშმის კაწარეთის სამების ეკლესიის სვეტების გამაგრების საპროექტო სამუშაოები;
● მცხეთის მუნიციპალიტეტში სამთავროს სამონასტრო კომპლექსში კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირება დასრულდა. მოცემული პროექტი UNESCO-მ „სანიმუშოდ“ შეაფასა და იგი საქართველოში კონსერვაციის მიმართულებით „სახელმძღვანელო დოკუმენტად“ შეიძლება იქცეს;
● ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა, ფიზიკური სამუშაოების დასაწყებად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, მიმდინარეობს საბუთების მომზადება ტენდერის მეორედ გამოსაცხადებლად;
● ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომარის კულტურის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა;
● ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანის ციხის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა, საბუთები გადაგზავნილია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარე წლის ივნისში;
● ზუგდიდში ნიკო დადიანის სასახლის სადრენაჟო სისტემის პროექტირება დასრულდა, თუმცა, სამუშაოების ჩასატარებლად ორჯერ გამოცხადებული ტენდერი უშედეგო იყო. მიმდინარეობს საბუთების მომზადება ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად;
● ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გერგეტის სამების ტაძრის სახურავის რეაბილიტაციის, წყალგადამყვანი სისტემის მოწყობისა და როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში ქვის კონსერვაციის, ასევე კამარების რესტავრაციისთვის ჩატარებული საპროექტო სამუშაოები დასრულდა, საბუთები გადაგზავნილია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარე წლის ივნისში;
● ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოში, ღუდუშაურების ციხის გალავნისა და ეზოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა, საბუთები გადაგზავნილია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარე წლის ივნისში;
● გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე სანაგირეს ბაზილიკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა, შესრულებულია ექსპერტიზის დასკვნა, ფიზიკური სამუშაოებისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი კვლავ არ შედგა, მიმდინარეობს საბუთების მომზადება ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად;
● თელავის მუნიციპალიტეტში იყალთოს კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა, საბუთები გადაგზავნილია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარე წლის აგვისტოში;
● დუშეთის მუნიციპალიტეტში შატილის ციხე-კოშკების ნაწილის რეაბილიტაციის თაობაზე გამოცხადებული ტენდერი შედგა, ივნისის თვიდან მიმდინარეობს ფიზიკური სამუშაოები, ციხე-კოშკების მეორე ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი;
● საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უჯარმის კომპლექსის რეაბილიტაციის მეექვსე ეტაპის განსახორციელებლად ჩატარებული ტენდერი შედგა და ივნისიდან ადგილზე მიმდინარეობს ფიზიკური სამუშაოები;
● გორის ციხის რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპის სამუშაოები დასრულდა, მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა;
● აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის ორი ეტაპი წარმატებით დასრულდა, მიმდინარეობს მესამე, დასკვნითი ეტაპის სამუშაოები;
● გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის შენობის გამაგრების სამუშაოებისთვის ორჯერ უშედეგოდ გამოცხადდა ტენდერი, იგეგმება ტენდერის მესამედ გამოცხადება;
● მარნეულის მუნიციპალიტეტში გადაჭრილი გორის არქეოლოგიური კომპლექსის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპები წარმატებით დასრულდა, მიმდინარეობს დამასრულებელი ეტაპი;
● დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში ამაღლების ეკლესიის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა, მიმდინარეობს პროექტის საკონსულტაციო საბჭოებთან შეთანხმების პროცესი;
● ყვარლის მუნიციპალიტეტში გრემის მთავარანგელოზის ტაძრის სახურავის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა, განსახილველად გადაგზავნილია საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოში;
● გორის მუნიციპალიტეტში ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გადახურვის რეაბილიტაციისთვის დასრულდა საპროექტო სამუშაოები და მიმდინარეობს ფინანსების მოძიება ფიზიკური სამუშაოებისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად;
● თიანეთის მუნიციპალიტეტში ბოჭორმის ციხის გაწმენდის სამუშაოები დასრულდა, მიმდინარეობს ჩატარებული სამუშაოების ჩაბარების პროცედურები;
● გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე სამების ეკლესიის რეაბილიტაციისთვის მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები;
● ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საღამოს ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
● ბოლნისის სიონის ტაძრისა და სამრეკლოს სარეაბილიტაციო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს;
● მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაზისუბნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები;
● ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოების ერთი ნაწილი დასრულდა, მიმდინარეობს გუმბათის გადახურვის სამუშაოები;
● ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულდა, მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები;
● ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ზიკილიასა და საყუნეთის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს;
● ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე ხევაშენის მეჩეთის პროექტირების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი;
● გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში წარმატებით მიმდინარეობს ანტონ ფურცელაძის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
● მიმდინარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ორბელიანთა სასახლის კომპლექსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოების პროექტირების პროცესი;
● დუშეთის მუნიციპალიტეტში მუცოს კოშკების რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი გრძელდება, ამჟამად მიმდინარეობს 25-ე კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
● ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში კესალოს ციხე-კოშკების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, მიმდინარე კვირაში ტენდერი გამოცხადდება მეორედ;
● ლენტეხის მუნიციპალიტეტში ლარაშის ციხის გაწმენდისა და კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს;
● ასპინძის მუნიციპალიტეტში ვანის ქვაბების ტერიტორიაზე შერჩეული კრიტიკული უბნების გამაგრებისა და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რის გამოც, ამჟამად მიმდინარეობს საბუთების მომზადება ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად;
● სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში მაცხოვრის შობის ეკლესიის გადახურვის რეაბილიტაციისთვის წარმატებით ჩატარდა ტენდერი, მიმდინარეობს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი პროცედურები;
● ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კუმურდოს ტაძრის დასავლეთის მკლავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
2022 წლის ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შეწყვიტა ძირითადი ტაძრის კედლის მხატვრობის გადარჩენის სამუშაოები. როგორც ცნობილია, ტაძარში წყლის ჩადინების შედეგად 2020 წლამდე პერიოდში დაზიანდა კედლის მხატვრობა. სამუშაოების შეჩერებას საფუძვლად დაედო ძეგლის მესაკუთრის, საქართველოს საპატრიარქოს, წერილობითი მოთხოვნა.
სამინისტროს მოწვევით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ტაძრის კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოების შესაფასებლად საქართველოში 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე იმყოფებოდა UNESCO-ს მონიტორინგის მისია, რომელმაც 2023 წელს გამოაქვეყნა თავისი დასკვნა დადებითი შეფასებებითა და სამომავლო რეკომენდაციებით.
მოცემული დასკვნის საფუძველზე, სამონასტრო კომპლექსის მესაკუთრემ, საქართველოს საპატრიარქომ, ითხოვა პროექტის მისთვის გადაბარება, რასაც დაეთანხმა სახელმწიფო. 2023 წლის 6 აპრილს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხი, არსებული პროექტებითა და შესაბამისი ბიუჯეტით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გადააბარა საქართველოს საპატრიარქოს.