საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის კამერულ თეატრში დაესწრო რეჟისორ გიორგი აფხაზავას მიერ დადგმულ თოჯინურ სპექტაკლს - ,,დონ კიხოტი - მისტერია თოჯინებისათვის“.

სპექტაკლში ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტეს საავედრას, რომანის პერსონაჟებს თოჯინები ასახიერებენ, რომელთაც ახმოვანებენ: მურმან ჯინორია (დონ კიხოტ ლამანჩელი), ზაზა პაპუაშვილი (სანჩო პანსა), გია ბურჯანაძე (სამსონ კარასკო), მარი კიტია (დულსინეა ტობოსელი), ქეთი დოლიძე (სასტუმროს მეპატრონე), ლევან ბერიკაშვილი (მეპატრონის ქმარი), დავით დოიაშვილი (თეატრის დირექტორი), გიორგი რევიაშვილი (ანდრესი).

წარმოდგენაში რეჟისორი გვეუბნება; „...და განა რა არის სიგიჟე? მთელი სამყარო ხომ ერთ დიდ საგიჟეთადაა ქცეული...“ „დრო მიდის, გმირები კი რჩებიან...“ ასეც არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს გმირები მხოლოდ მატიანეებში ან წიგნის ფურცლებზე ცოცხლობენ, არადა, დღეს კაცობრიობას, როგორც არასოდეს, ისე სჭირდება დონ კიხოტ ლამანჩელი - მწუხარე სახის რაინდი…

სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკის ავტორია გიორგი აფხაზავა, თოჯინების მხატვარი და სცენოგრაფი - ნინო კიტია, რეჟისორის ასისტენტი - ტატა მეცხოვრიშვილი.  მონაწილეობენ:  ნატალია მოლაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, ანასტასია ურიდია, ტატა მეცხოვრიშვილი, გიორგი თენაძე, ლუკა ბაზაძე, ლევან ბაქრაძე, გიორგი დევდარიანი, ლუკა ჭულუხაძე, ალექსანდრე კვეზერელი.

დადგმაში გამოყენებულია მიგელ დე სერვანტეს საავედრას, სემუელ ბეკეტის, ბერტოლდ ბრეხტის, არისტოტელეს, ფიოდორ დოსტოევსკის, ფრიდრიხ ნიცშესა და გეორგ ჰეგელის ნაწარმოებები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გარდა სახელმწიფო თეატრებისა, სხვადასხვა კონკურსის საშუალებით ხელს უწყობს კერძო თეატრებს როგორც ტექნიკური აღჭურვით, ისე - სადადგმო ხარჯით. ამ თეატრებს შორისაა თბილისის კამერული თეატრიც, რომელსაც სამინისტრო დიდ წარმატებებს უსურვებს.